ფოტოები და ისტორიული არტეფაქტები საზოგადოებაზე ძლიერ ზემოქმედებას ახდენს, რადგან მათი უმთავრესი ფუნქცია თითქოს წარსულის გადამწყვეტი მომენტების დაფიქსირებაა. ეს ხატები, რომლებიც მაშინვე იპყრობენ ყურადღებას, თითქოს სიმართლეს ასახავენ და გადასცემენ, თუმცა ამავე დროს ხშირად ეჭვსაც ბადებენ იდეოლოგიური და პოლიტიკური მანიპულაციების გამო.
შესავალი: სურათ–ხატები და ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია
ფოტოები და ისტორიული არტეფაქტები საზოგადოებაზე ძლიერ ზემოქმედებას ახდენს, რადგან მათი უმთავრესი ფუნქცია თითქოს წარსულის მნიშვნელოვანი მომენტების დაფიქსირებაა. სურათ-ხატები მაშინვე იპყრობენ ყურადღებას, რადგან, ერთი შეხედვით, სიმართლეს აირეკლავენ და გადასცემენ. თუმცა, ამავე დროს, ფოტოები ადვილად ხდება იდეოლოგიური და პოლიტიკური მანიპულაციების საგანი, ამიტომ მათი ‘ობიექტურობა’ ხშირად დგება ეჭვქვეშ.
მეორე მსოფლიო ომში ნაცისტურ გერმანიაზე საბჭოთა კავშირის გამარჯვების ერთ-ერთ სიმბოლოდ აღიქმება ცნობილი ფოტოგრაფია, რომელშიც საბჭოთა ჯარისკაცები 1945 წლის 2 მაისს ბერლინში რაიხსტაგის თავზე წითელ დროშას აღმართავენ. ხშირად შეცდომით მიიჩნევენ რომ აღნიშნილ ფოტოზე ასახულია „ოფიციალური“ დროშის აღმართვის ეპიზოდი, რომელიც ორ დღით ადრე, 30 აპრილს მოხდა ¹. გამარჯვების ეს სიმბოლური აქტი უკავშირდება ეთნიკურად ქართველ უმცროს სერჟანტ მელიტონ ქანთარიას (1920–1993) და რუს სერჟანტ მიხეილ ეგოროვს (1923–1975). სწორედ მათი, როგორც გამარჯვების მედროშეების, დამსახურება არის ოფიციალურად აღიარებული როგორც საბჭოთა, ისე თანამედროვე რუსეთის ისტორიოგრაფიასა და პოლიტიკურ დისკურსში.
ეს ფოტო, რომელიც ჰიტლერის დამარცხების ტრიუმფალურ მომენტს ასახავს, მრავალ კითხვას ბადებს არა მხოლოდ მისი აუეთენტურობის გარშემო, არამედ საბჭოთა კავშირსა და თანამედროვე რუსეთში შერჩევითი “მეხსიერებაზე მუშაობის” მიზნით პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის, პროპაგანდისა და პოლიტიკური ‘მითშემოქმედების’ შესახებ. საბჭოთა სიმბოლური საგნები ნოყიერ ნიადაგს ქმნის თანამედროვე კრემლის „რბილი ძალის“ და დეზინფორმაციის წარმოებისთვის, რაც ხელს უწყობს მეორე მსოფლიო ომის შესახებ რუსული ნარატივის გავრცელებას ყოფილი საბჭოთა სივრცის ფარგლებში.
ამ თვალსაზრისით, საქართველო თანამედროვე რუსეთის მიზანმიმართული ზეწოლის თვალსაჩინო მაგალითია. 1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან და, განსაკუთრებით, 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ, ქვეყანამ მოდერნიზაციისა და დასავლეთთან ინტეგრაციის გზა აირჩია. საბჭოთა მემკვიდრეობასთან კავშირის გაწყვეტისა და მოსკოვის გავლენისგან ჩამოშორების გზაზე საქართველოს მძიმე გამოწვევებთან მოუწია გამკლავება. კრემლი 1990-იანი წლებიდან მუდმივად ერეოდა ქვეყნის შიდა საქმეებში, მხარს უჭერდა სეპარატისტულ მოძრაობებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში, რაც აღნიშნულ რეგიონებში ეთნიკურ წმენდით, ამ ტერიტორიებიდან ქართული მოსახლეობის განდევნით დასრულდა. 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ფართო მასშტაბიანი რუსული სამხედრო აგრესიის შემდეგ, კრემლმა აღიარა ამ რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მათზე ფაქტობრივი კონტროლის “ლეგალიზაციის” მიზნით. როგორც ქართული კანონმდებლობა, ასევე საერთაშორისო საზოგადოება, აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს/სამხრეთ ოსეთს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებად განიხილავს.
რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული კონფლიქტის მიუხედავად, კრემლი კვლავაც ინარჩუნებს სიმბოლურ და პოლიტიკურ გავლენას საქართველოში. ამ კუთხით, ნიშანდობლივია “დიდ სამამულო ომში” გამარჯვების რუსულ ნარატივში ქართველი პროტაგონისტების, უპირველესად იოსებ სტალინისა და შემდეგ მელიტონ ქანთარიას როლის ხაზგასმით გამოკვეთა. ამით რუსი იდეოლოგები ცდილობენ გაამყარონ პოლიტიკური მითი საერთო ქართული-რუსული ‘ბედისწერისა’ და ამ ორ ხალხს შორის ‘ისტორიული’ და ‘ურყევი’ ძმობის და მეგობრობის შესახებ.
8 თუ 9 მაისი? დროის და მეხსიერების (გეო)პოლიტიკა
მეორე მსოფლიო ომის დასრულების თარიღმა სპეციფიკური გეოპოლიტიკური მნიშვნელობა შეიძინა, განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. მაშინ როცა ევროპის უმეტეს ნაწილში, მათ შორის ბალტიის რეგიონის ქვეყენებში, ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვებას 8 მაისს აღნიშნავენ, რუსეთი და პოსტ-საბჭოთა ქვეყნების უმეტესობა და საქართველოც ამ დღეს 9 მაისს ზეიმობს. ეს თარიღი საბჭოთა დადგენილების საფუძველზე დამკვიდრდა, რომლის მიხედვით 9 მაისი გამარჯვების დღედ გამოცხადდა, რადგან გერმანიის კაპიტულაციის აქტს ცენტრალური ევროპის დროით 22:43 საათზე მოეწერა ხელი. ამ დროს მოსკოვში 9 მაისი უკვე დამდგარი იყო. აღნიშნული გადაწყვეტილება განსაკუთრებით გამოკვეთდა საბჭოთა კავშირის გადამწყვეტ როლს ფაშიზმის დამარცხებაში.
მიუხედავად იმისა, რომ ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვება ზოგადად საბჭოთა ხალხის გმირულ თავდადებასა და სიმამაცეს მიეწერებოდა, ამ ტრიუმფის მთავარ შემოქმედად მაინც იოსებ სტალინი იყო აღიარებული მისი „გენიალური“ სამხედრო ხელმძღვანელობისა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების დამსახურებით. ნიკიტა ხრუშჩოვის (1894-1971) მიერ სტალინის „პიროვნების კულტის“ წინააღმდეგ აგორებული კამპანიის ფონზე, საბჭოთა პროპაგანდაში ფაშიზმზე გამარჯვებაში სტალინის როლი შედარებით უკანა პლანზე გადავიდა. ამჯერად ძირითადი აქცენტი საბჭოთა ხალხის კოლექტიურ გმირობასა და კომუნისტური პარტიის ერთიანობაზე გაკეთდა.
1948 წლიდან 9 მაისი ოფიციალური დასვენების დღე არ იყო, თუმცა მისი ყოველწლიური აღნიშვნა გრძელდებოდა. 1965 წელს, ლეონიდ ბრეჟნევის (1906–1982) ეპოქის დასაწყისში, ფაშიზმზე გამარჯვების თარიღი კვლავ აღდგა როგორც ოფიციალური დღესასწაული და მას შემდეგ ყოველ წელს პომპეზური და სიმბოლურად დატვირთული ღონისძიებებით აღინიშნება².
რუსეთში ვლადიმირ პუტინის პრეზიდენტობას „რე-სტალინიზაციის“ და „ნოსტალგიური მოდერნიზაციის“ ეპოქად ახასიათებენ. ამ პერიოდში, საბჭოთა ნოსტალგიის პატრიოტული სენტიმენტის ფორმით რებრენდირება მოხდა, რომელიც დაშორებულია ისტორიული შინაარს და სპეციფიკას³.
„დიდი სამამულო ომი“ რუსული იდენტობისა და მეხსიერების პროექტის ცენტრალურ და პოლიტიკურად ყველაზე „გამოყენებად“ ელემენტად იქცა. საბჭოთა კულტურაში განათლების, მედიისა და რიტუალების მეშვეობით უკვე ისედაც ღრმად ფესვგადგმული ომის მეხსიერება ჰეროიკული და ტრიუმფალური წარსულის შესახებ მოქნილ და ფართოდ გაზიარებულ ნარატივს ასაზრდოებდა და ამით პოსტ-საბჭოთა რუსული “ეროვნული მშენებლობის” ძლიერი ინსტრუმენტი გახდა.
2000-იანი წლებიდან მეორე მსოფლიო ომის ტრიუმფალისტური ინტერპრეტაცია, როგორც „გმირული თავგანწირვის”, „ეროვნული დიდების“, „თავისუფლების დაცვისა“ და „ცივილიზაციის ხსნის“ ისტორია, რუსული იდენტობის საფუძვლად ჩამოყალიბდა. ამ მეხისერების პროექტში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სამხედრო გამარჯვებაზე, ეროვნულ სიდიადესა და საბჭოთა, მაშასადამე, რუსულ გლობალურ ძალაზე⁴.
თანამედროვე რუსული პროპაგანდა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულის გვირგვინის „მისაკუთრებას“ ცდილობს დასავლელი მოკავშირეების უმნიშვნელოვანესი როლის დაკნინების ხარჯზე. რუსული იდეოლოგია ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს დასავლეთის სამხედრო წვლილს, ფინანსურ მხარდაჭერას, დასავლეთის ფრონტის გახსნას და სხვა მნიშვნელოვან ძალისხმევას და მოვლენებს, რომელთა გარეშე ფაშიზმის დამარცხება ძნელად წარმოსადგენი იქნებოდა⁵.
მეორე მსოფლიო ომის შესახებ რუსულ ნარატივში, განსაკუთრებულად გამოკვეთილია სტალინი როგორც ეფექტური და სტრატეგიული ლიდერის და გამარჯვების მთავარი არქიტექტორის სახე. ზოგადად, რუსული ნარატივი უმეტესწილად დუმს საბჭოთა კავშირის სამხედრო ჩავარდნებზე, მათ შორის მოუმზადებლობაზე, ცუდ დაგეგმარებასა და კატასტროფულ დანაკარგებზე. იგნორირებულია სტალინის მხრიდან დაზვერვის მონაცემების უგულვებელყოფა, ქაოტური მობილიზაცია და მძიმე საბრძოლო მარცხები, მათ შორის კიევის და სმოლენსკის ალყები, სადაც ასიათასობით ჯარისკაცი ტყვედ ჩავარდა. ასეთი შერჩევითი მეხსიერება ფარავს საბჭოთა კავშირის შეცდომების უმძიმეს შედეგებს.
რუსეთის ოფიციალური ისტორიული ნარატივი გამორიცხავს არა მხოლოდ ალტერნატიულ ინტერპრეტაციებს, როგორიცაა საბჭოთა კავშირის მნიშვნელოვანი მარცხები ომის დროს, არამედ სრულიად აქრობს და შლის ემპირიულ ფაქტებს, მაგალითად: მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტს, კატინის ხოცვა-ჟლეტას, ომის დანაშაულებს, „გათავისუფლებულ“ ტერიტორიებზე ძალადობებს და გაუპატიურებებს, იალტის შეთანხმებებს, იძულებით დეპორტაციებს, შრომითი ბანაკების შექმნას ციმბირში და მრავალს სხვა ეპიზოდს, რომელიც მოწმობს და ადასტურებს საბჭოთა კავშირის ომის დანაშაულებებსა და შემდეგი პერიოდების რეპრესიულ პოლიტიკას.
“ფაქტოლოგიურ“ ისტორიაზე და “ემპირიულ” სიმართლეზე შეტევები რუსეთის დეზინფორმაციის კამპანიას ემსახურება. წარსულის დამახინჯებით კრემლი ყოფილ საბჭოთა სივრცეში თავისი გეოპოლიტიკური მიზნების რეალიზებას ცდილობს. თანამედროვე „პოლიტიკური ტყუილები“ „მთელი ფაქტოლოგიური ქსოვილის“ ტრანსფორმაციას და ალტერნატიული რეალობის შექმნას ისახავს მიზნად⁶. 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მითი განახლებული იმპერიალისტური სენტიმენტებით დაიმუხტა და პრო-პუტინური პატრიოტიზმის მარკერად იქცა⁷.

წყარო: Wikimedia Commons
გამარჯვების დროშა და სურათ–ხატის პროპაგანდა
ფოტო-სურათებს ხშირად ჭეშმარიტების რეალურ მტკიცებულებად აღიქვამენ. ამ წარმოდგენის საფუძველია ღრმად გამჯდარი კლიშე, რომ „კამერა არასდროს იტყუება“. თუმცა სურათ-ხატი შეიძლება მრავალშრიანი მნიშვნელობის მატარებელი და, შესაბამისად, სხვადასხვა ინტერპრეტაციის საგანი იყოს. ამის გამო, ისტორიულ ფოტო-სურათს ემოციური ზემოქმედების და დარწმუნების განსაკუთრებული ძალა აქვს⁸.
კარგად არის შესწავლილი თუ როგორც აცდუნებს და სიმართლისგან აშორებს ადამიანებს „უბრალო გამოსახულებები“ და პლატონის გამოქვაბულის ჩრდილებში ატარებს, სადაც წარმოდგენები რეალობად აღიქმება. ფოტოსურათების ფუნქცია ისტორიის ერთგვარი „მონტაჟი“ და „შემოკლებაა“ რაც საბოლოო ჯამში „ისტორიული განსჯის განიარაღებას“ იწვევს⁹.
ტოტალიტარულ სისტემებში პოლიტიკური პროპაგანდა სიმბოლოდ ქცეული ფოტოების გამოყენებით კომპლექსურ ისტორიულ ეპიზოდებს კონტექსტისგან ამოგლეჯილად და გამარტივებულად წარმოაჩენს. მეორე მსოფლიო ომზე ყველაზე ცნობილ საბჭოთა ფოტოდ მიიჩნევა სურათი, სადაც წითელი არმიის ჯარისკაცები ბერლინში რაიხსტაგზე დროშას აღმართავენ. ეს ფოტო საბჭოთა ფოტოგრაფმა ევგენი ხალდეიმ გადაიღო. იგი ფართოდ ცნობილია სახელწოდებით „გამარჯვების დროშა რაიხსტაგის თავზე“ [რუს. Знамя Победы над Рейхстагом]; ეს სურათი სიმბოლურად ასახავს საბჭოთა გამარჯვებას ნაცისტურ გერმანიაზე და დღემდე ამ ტრიუმფის უმთავრეს სიმბოლოდ რჩება. ფოტოზე გამოსახული დროშას ხშირად აიგივებენ იმ ისტორიულ დროშასთან, რომელიც დაცულია მოსკოვში, ცენტრალური შეიარაღებული ძალების მუზეუმში და ყოველწლიურად 9 მაისის გამარჯვების აღლუმზე გამოიფინება. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ხალდეის ფოტოზე აღბეჭდილი დროშა არ არის მუზეუმში შემონახული გამარჯვების დროშა. ამ ორი დროშის გარდა ბერლინისათვის საბოლოო ბრძოლის დროს სხვა ბევრი წითელი დროშა აღიმართა¹⁰.
მიუხედავად იმისა, რომ რაიხსტაგის შენობა შტურმით 1945 წლის 30 აპრილს აიღეს, ხალდეი მასში მხოლოდ 2 მაისს შევიდა თავისი ‘ისტორიული’ კადრის გადასაღებად. მისი ფოტო პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ Огонёк-ში 1945 წლის 13 მაისს. მოგვიანებით სურათი „გასწორდა“, რადგან მაში გამოსახულ ერთ-ერთ ჯარისკაცს, რომელსაც დროშის დამჭერი ეყრდნობოდა, ორივე მაჯაზე საათები ეკეთა. ეს უხერხული დეტალი ჯარისკაცებს უარყოფით კონტექსტში წარმოაჩენდა, რადგან სურათი მოწმობდა, რომ საბჭოთა მებრძოლები დაპყრობილი მშვიდობიანი მოსახლეობის ქონების ძარცვით იყვნენ დაკავებული. ამიტომ, ხალდეის სურათიდან „მეორე საათის“ წაშლა დაავალეს. „ოფიციალური“ გამარჯვების დროშა რაიხსტაგზე ხალდეის „დადგმულ“ ფოტოზე ორი დღით ადრე, 30 აპრილს, იქნა აღმართული¹¹. აღნიშნული დროშა, რომელზეც უროსა და ნამგლის გამოსახულების ზემოთ დატანილია ვერცხლისფერი ვარსკვლავი, შეიცავს კირილიცაზე თეთრად შესრულებულ აბრევიატურას. აბრევიატურა მიუთითებს დროშის აღმმართველ სამხედრო ნაწილზე: “ პირველი ბელორუსიის ფრონტის მესამე დამკვრელი არმიის 79-ე მსროლელი კორპუსის იდრიცისა და ბერლინის მეორე ხარისხის კუტუზოვის ორდენოსანი 150-ე მსროლელი დივიზია”. ეს დროშა, ასევე ცნობილია როგორც „გამარჯვების დროშა №5“. ეს იყო ბერლინში გაგზავნილი ცხრა ოფიციალური დროშიდან ერთ-ერთი და ერთადერთი, რომელიც ომის შემდეგ არის შემონახული ¹².

წყარო: Wikimedia Commons
დროშის ტექსტი:
“პირველი ბელორუსიის ფრონტის მესამე დამკვრელი არმიის 79-ე მსროლელი კორპუსის იდრიცისა და ბერლინის მეორე ხარისხის კუტუზოვის ორდენოსანი 150-ე მსროლელი დივიზია”.
მიუხედავად იმისა, რომ ბერლინის საბოლოო ბრძოლის დროს მრავალი საბჭოთა დროშა აღმართეს, განსაკუთრებული მნიშვნელობა „გამარჯვების დროშა №5“-ს მიენიჭა მისი „ოფიციალური“ სტატუსის გამო. გავრცელებული ვერსიების თანახმად, დროშა საბრძოლო პირობებში იქნა დამზადებული ხელმისაწვდომი მასალებისგან. მაგალითად, ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ის ბრძოლების მიმდინარეობის დროს წითელი სუფრის ქსოვილისგან შეკერეს. დროშის წარმოშობის სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია ასახავს მის მითოლოგიზებულ და სიმბოლურ მნიშვნელობას ომის შემდგომ მეხსიერებაში¹³.
1945 წლის 2 ივლისით დათარიღებული სამხედრო პატაკის მიხედვით, რაიხსტაგისათვის ბრძოლა 1945 წლის 29 აპრილს დაიწყო და 30 აპრილს 14:25 საათზე მაღწია თავის კულმინაციას, როდესაც საბჭოთა ჯარისკაცებმა შენობის სახურავს მიაღწიეს. კომუნისტმა ლეიტენანტმა ბერესტმა, კომკავშირის წევრმა წითელარმიელმა ეგოროვმა და უმცროსმა სერჟანტმა ქანთარიამ რაიხსტაგის თავზე გამარჯვების დროშა აღმართეს, რაც საბჭოთა გამარჯვების სიმბოლოდ იქცა¹⁴.
საბჭოთა კავშირში ხშირად შეცდომით მიიჩნევდნენ, რომ ევგენი ხალდეის რაიხსტაგის ფოტოზე აღბეჭდილი ჯარისკაცები მელიტონ ქანთარია და მიხაილ ეგოროვი იყვნენ, ის მეომრები, რომელთაც ოფიციალური გამარჯვების დროშის აღმართვა მიეწერებათ¹⁵. კიდევ ერთი ფიგურა, რომელსაც ხშირად უკავშირებდნენ ფოტოს, იყო კონსტანტინ სამსონოვი, საბჭოთა კავშირის გმირი, რომელმაც ბერლინის ბრძოლაში სხვა დივიზიაში მსახურობდა. 1965 წლის გამარჯვების დღეს გერმანიის კაპიტულაციიდან 20 წლისთავზე, სამსონოვმა ქანთარიასთან და ეგოროვთან ერთად გამარჯვების დროშა მოატარა. აღნიშნული სამეულის სურათმა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი საპატიო ღონისძიების დროს გადაიღეს, კიდევ უფრო განამტკიცა მათი სახელების და სახეების ადგილი საბჭოთა კოლექტიურ მეხსიერებაში¹⁶.
ხშირად მიიჩნევენ, რომ ნიკიტა ხრუშჩოვი ქანთარიასა და ეგოროვის მიმართ კეთილგანწყობით არ გამოირჩეოდა, ვინაიდან მისი ხელმძღვანელობის დროს ისინი იშვიათად ჩნდებოდნენ ოფიციალურ ცერემონიებზე.
საქართველოს სიმბოლური სივრცე და დაუძლეველი საბჭოთა წარსული
მეორე მსოფლიო ომის დროს საქართველოს წვლილი წითელ არმიაში ძალიან მნიშვნელოვანი და ტრაგიკული იყო. საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკიდან 500 ათასიდან 600 ათასამდე ადამიანის მობილიზება მოხდა, ხოლო ზოგიერთი მონაცემის მიხედვით, ომში გაწვეული ქართველი ჯარისკაცების თითქმის ნახევარი დაიღუპა¹⁷.
საბჭოთა საქართველოში ომის მეხსიერებას საფუძვლად დაედო დომინანტური საბჭოთა ნარატივი, რომლის ინსტიტუციონალიზება ხდებოდა სასკოლო სახელმძღვანელოების, მონუმენტების, ლიტერატურის, პოეზიის, სიმღერების, მუზეუმებისა და კინემატოგრაფიის მეშვეობით. როგორც საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებში, 9 მაისი, გამარჯვების დღე, ყოველწლიურად აღინიშნებოდა ოფიციალური რიტუალებითა და ცერემონიებით. ამ ღონისძიებებში მონაწილეობდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, ომის ვეტერანები და ახალგაზრდობა; იმართებოდა კონცერტები, სამხედრო აღლუმები და ომის მემორიალები ყვავილებით ირთვებოდა¹⁸.
მელიტონ ქანთარიას, როგორც ქართველებისთვის საამაყო გმირის აღქმა ორგანულად თავსდება საბჭოთა პერიოდის ქართული ეროვნული სენტიმენტების რეპერტუარში, რომელიც, უმთავრესად სტალინის სიმბოლური მნიშვნელობით იყოს განსაზღვრული. ეთნიკურად ქართველი საბჭოთა დიქტატორი თანამემამულეებისთვის პრესტიჟის, გამორჩეულობის, ღირსებისა და იდენტობის სიმბოლოდ იქცა, რადგან იგი აღიარებული იყო როგორც მსოფლიო ისტორიაში ყველაზე გამოჩენილი ქართველი.
სტალინის მიმართ ასეთი აღმატებული და სიმბოლურად დატვირთული დამოკიდებულება ქართველებში აძლიერებდა საბჭოთა კავშირში განსაკუთრებული ადგილის და სტატუსის ამბიციებს, რაც კიდევ უფრო ამყარებდა მათი „სატიტულო ეროვნების“ განცდას¹⁹.
1956 წლის მარტის საპროტეტო გამოსვლები თბილისში, რომელიც ხრუშჩოვის მიერ სტალინის პიროვნების კულტის დაგმობას მოყვა, გარდამტეხ მოვლენად იქცა. ქართველებმა ეს კრიტიკა აღიქვეს არა მხოლოდ როგორც საბჭოთა ლიდერის უარყოფა, არამედ როგორც საქართველოს ეროვნული ღირსების შეურაცხყოფა²⁰. მარტის საპროტესტო აქციის სასტიკმა ჩახშობამ სტალინის კულტი ეროვნული თვითგამოხატვის მექანიზმად და, გარკვეულწილად, ანტისაბჭოთა ნაციონალიზმის ფორმადაც აქცია. სტალინის ეთნიკური წარმომავლობა ქართველებს შესაძლებლობას აძლევდა თვითიდენტიფიცირება გაეკეთებინათ ერთდროულად როგორც საბჭოთა, ისე ქართული იდენტობის კატეგორიების საფუძველზე.
სტალინის მემკვიდრეობის ფონზე ქართველებისთვის „როგორც შესაძლებელი, ისე სარგებლიანი“ იყო ერთი მხრივ, ეროვნული სიამაყის შენარჩუნება და მეორე მხრივ, საბჭოთა სტრუქტურებში ინტეგრირება. ამგვარმა დუალიზმმა ჩამოაყალიბა სივრცე შედარებით თავისუფალი ეროვნული თვითგამოხატვისთვის. შედეგად, ქართული ელიტა საბჭოთა ეროვნული მშენებლობის პროცესს „ქართულად“ წარმართავდა ²¹.
პოსტ-საბჭოთა პერიოდში სტალინის ამბივალენტური მემკვიდრეობა ისევ იგრძნობა. როგორც გარკვეული კვლევები აჩვენებს, დესტალინიზაციისა და დემოკრატიზაციის მცდელობების მიუხედავად, ქართველები – განსაკუთრებით ასაკოვანი კატეგორიის და კონკრეტულ რეგიონებში სოფლად მაცხოვრებლები – პოსტ-საბჭოთა სივრცეში ყველაზე მეტად არიან სტალინის მიმართ პატივისცემით განმსჭვალული²². საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში პერიოდულად აღმართავენ “დიდი ბელადის” ძეგლებს. ამის საპირისპიროდ, ახალგაზრდა და ურბანული მოსახლეობა უფრო კრიტიკულად არის განწყობილი სტალინის მიმართ, რაც თაობათა შორის არსებულ გარკვეულ წყვეტაზეც მიუთითებს. შეიძლება ითქვას, რომ სტალინის დუალური სახე როგორც „ხალხების მამა“ და როგორც „ქართველი ერის დიდი შვილი“ კვლავაც ცოცხალია ქართული საზოგადოების გარკვეულ ნაწილში²³.
მელიტონ ქანთარია თავადაც აქტიურად იყო ჩართული ბერლინის ბრძოლისა და გამარჯვების დროშის მეხსიერების კულტივირებაში. ის ხშირად ჩნდებოდა ცერემონიებზე, სატელევიზიო გადაცემებსა და გაზეთებში როგორც რესპუბლიკურ, ისე საკავშირო დონეზე, განსაკუთრებით ბრეჟნევის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. ერთ-ერთ გაზეთში ქანთარია იხსენებდა გამარჯვების დროშის აღმართვის ეპიზოდს:
ჩვენ ვიცოდით, რომ მესამე დამკვრელი არმიის, იმ არმიის, სამხედრო საბჭომ, რომელიც უტევდა ჰიტლერული რაიხის დედაქალაქს, რაიხსტაგზე აღსამართავად დააწესა 9 დროშა – დივიზიების რიცხვის მიხედვით ჩვენი დროშის ტარზე მე-5 რიგითი ნომერი ეწერა, მაგრამ მიზანს პირველებმა მივაღწიეთ. როცა იგი გავშალეთ, მტრებმა გააფთრებით დააყარა ტყვია. გამარჯვების დროშაზე შეიძლება ისევე ითქვას, როგორც ჯარისკაცზე: შვიდი ნატყვიარი აქვს. დროშაზე არის წარწერა: “პირველი ბელორუსიის ფრონტის მესამე დამკვრელი არმიის 79-ე მსროლელი კორპუსის იდრიცისა და ბერლინის მეორე ხარისხის კუტუზოვის ორდენოსანი 150-ე მსროლელი დივიზია”. სწორედ ამ დივიზიის მებრძოლებს ხვდა პატივი, გავმხდარიყავით სამშობლოს პირველი მედროშენი და გვეუწყებინა მსოფლიოსთვის ფაშიზმზე გამარჯვება.
დრო და ჟამი გამალებით მიედინება მყოფადში. გაივლის ათეული, ასეული წლები. კაცობრიობა მომავალშიც ზეიმით აღნიშნავს დიდი სამამულო ომის დამთავრების 50, 100 წლისთავს. შეიცვლება სამყარო, საზოგადოება, ადამიანები. მოვლენ ახალ-ახალი თაობები. მოსკოვში წითელ მოედანზე ტრადიციისამებრ გამარჯვების დროშას გამოიტანენ მშვიდობის ჯარისკაცები, მაგრამ ხალხის მეხსიერებაში სამარადისოდ დარჩება იმათი სახელები, ვინაც იმ შორეულ 1945-ში ეს დროშა ბერლინში, რაიხსტაგის გუმბათზე ააფრიალა (გაზეთი “ქუთაისი”, 1988, 21 აპრილი)

წყარო: Wikimedia Commons
ასე იხსენებს მელიტონ ქანთარია 1965 წლის მოსკოვის გამარჯვების დღის აღლუმს:
გათენდა 9 მაისი. ყოველთვის როცა ტარდება გამარჯვების დღის იუბილე, დაწესებული ტრადიციისამებრ დღესასწაულზე მოწვეულები ვართ ხოლმე რაიხსტაგის შტურმის მონაწილეები. ასე იყო მაშინაც, როცა აღინიშნა ფაშიზმის განადგურების 20 წლისთავი.
მოსკოვი სურათოვნად არის მორთულ-მოკაზმული, ლამაზად და თვალისმომჭრელად ბრწყინავს ფერად-ფერადი ლოზუნგები, ტრანსპარანტები, პორტრეტები, გირლანდები. ერთ-ერთ შენობაზეა თარიღი „9 მაისი“ და სიტყვები „გამარჯვების დღე“. ციფრები 1945-1965 მოწმობენ, რომ უკვე ორი ათეული წელია, რაც მშვიდობიანად ვცხოვრობთ.
გამარჯვების დროშა, რომელიც საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ცენტრალურ მუზეუმში სამუდამოდ ინახება, სპეციალური ესკორტით მოვიტანეთ წითელ მოედანზე და ახლა ჩვენ, რაიხსტაგის მოიერიშეებმა, იგი პარადზე უნდა გავიტანოთ. დროშა მოაქვს საბჭოთა კავშირის გმირს პოლკოვნიკ კ.ი. სამსონოვს. როგორც ცნობილია, იგი მეთაურობდა ბატალიონს, რომელმაც იერიში მიიტანა რაიხსტაგზე. დროშას ასისტენტებად მივყვებით მიხეილ ეგოროვი და მე. 1945 წლის 30 აპრილს სწორედ ეს დროშა აღვმართეთ დამხობილი ბერლინის თავზე (გაზეთი „კომუნისტი“, 1988 წელი, 7 მაისი).
განსაკუთრებით საინტერესოა ქანთარიას მოგონება ეგოროვთან შეხვედრისა და „ორიგინალური“ ფოტოს ისტორიაზე, რომელიც გაზეთ პრავდა-ში დაიბეჭდა:
დედამიწის ყველა კუთხის მილიონობით ადამიანმა სიხარულით ნახა ეს ისტორიული სურათი, რომელიც პირველად დაიბეჭდა გაზეთ „პრავდაში“. დამარცხებულ ბერლინში იგი ხელიდან ხელში გადადიოდა. თუმცა რაიხსტაგი და მასზე აფრიალებული გამარჯვების დროშა ჩვენს წინაშე იყო, მაგრამ ყველას მაინც სურდა დაეხედა გაზეთში მოთავსებული სურათისთვის, რომელშიც მეომრები მიეჩვივნენ საყვარელი სამშობლოს ცხოვრების შესახებ მართალი ამბების წაკითხვას.
ერთხელ საპირველმაისოდ ჩემს ძმობილ მიხეილ ეგოროვს ვესტუმრე სმოლენსკის ოლქში. იგი რძის კომბინატში მუშაობს. დავსხედით, გაიმართა საუბარი. “მელიტონ, გინდა რაღაც საინტერესო გიჩვენო?” – უეცრად მეკითხება ეგოროვი.
დავინტერესდი, ნეტავი რით უნდა გამაკვირვოს მიხეილმა, ვიფიქრე. ერთი წუთის შემდეგ იგი გამოვიდა ოთახიდან და მომაწოდა სათუთად დაკეცილი, დროისგან გაყვითლებული გაზეთი. შევხედე და, მართალი რომ ვთქვა, მღელვარებისგან გული ამიტოკდა. ეს იყოს სწორედ ის „პრავდა“, რომელიც რაიხსტაგის კედლებთან წავიკითხეთ“.
შემდეგ, როდესაც ეგოროვი ქანთარიას ეწვია აფხაზეთში, მის საცხოვრებელ სახლში, იგივე სცენა განმეორდა:
“გინდა, მიხეილ, საინტერესო რამ გაჩვენო?”
“აბა მაჩვენე! – მიპასუხა ეგოროვმა. ჯიბიდან ამოვიღე გამარჯვების დღის „პრავდის“ იგივე ნომერი, რომელიც ბერლინიდან ჩამოვიტანე და მეგობარს მივაწოდე.
მაგრად გადავეხვიეთ ერთმანეთს და გადავკოცნეთ. ასე გახდა „პრავდა“ ჩვენი მეგობრობისა და საუკეთესო მოგონებათა სიმბოლო (გაზეთი „კომუნისტი“, 1962 წელი, 9 მაისი).
მეორე მსოფლიო ომის მეხსიერების გადაფასება პერესტროიკის (გარდაქმნის) ეპოქაში, 1980-იანი წლების ბოლოს დაიწყო და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ კიდევ უფრო გააქტიურდა. ომთან დაკავშირებული მანამდე დაფარული ან ჩახშული პერსპექტივები გამოიკვეთა. მათ შორის იყო რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის კრიტიკული შეფასებები, ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის ამბები ომის დროინდელ საქართველოში და მსჯელობა იმ ქართველებზე, რომლებიც გერმანელების მხარეს გადავიდნენ იმ იმედით, რომ ქვეყანა საბჭოთა ოკუპაციისგან გათავისუფლდებოდა.
ისტორიული მონაცემები, რომლებიც საბჭოთა მეხსიერების პოლიტიკამ დიდი ხნის განმავლობაში ჩაახშო, სააშკარაოზე გამოვიდა და კრიტიკული ანალიზის ქვეშ მოექცა. ქართულ საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები: ნამდვილად იყო კი მეორე მსოფლიო ომი საქართველოსთვის „დიდი სამამულო ომი“? ბოლოს და ბოლოს, საქართველო იმ დროს სუვერენული სახელმწიფო აღარ იყო, რადგან იგი ძალდატანებით შეიყვანეს საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში და ომის შედეგებმაც საქართველოს დამოუკიდებლობა კი არ მოუტანა, არამედ საბჭოთა ბატონობა გაახანგრძლივა²⁴.
თუმცა, დამოუკიდებლობის პირველი ათწლეულის განმავლობაში გამარჯვების დღის აღნიშვნის საბჭოთა ტრადიციის დასასრულებლად საქართველოში სერიოზული ნაბიჯები არ გადადგმულა. ჩვეულ პრაქტიკად რჩებოდა რუსეთის პრეზიდენტების მისალოცი წერილების მიღება. მაგალითად, 2000 წელს საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძისთვის გამოგზავნილ წერილში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირი პუტინი აღნიშნავდა:
ბატონ ედუარდ შევარდნაძეს
საქართველოს პრეზიდენტს
პატივცემულო ედუარდ ამბროსის ძევ!
დიდ სამამულო ომში ჩვენი საერთი გამარჯვების 55 წლისთავის დღეს გითვლით გულწრფელ მილოცვას. რუსეთში დიდ პატივს მიაგებენ საქართველოს სასიქადულო შვილების უკვდავ გმირობას, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვილი შეიტანეს ფაშიზმის განადგურებაში. საბრძოლო დიდების მატიანეში სამუდამოდააა ჩაწერილი რუსი და ქართველი ხალხის გამოჩენილი შვილების მიხეილ ეგოროვისა და მელიტონ ქანთარიას სახელები, რომლებმაც გამარჯვების დროშა აღმართეს დამხობილ რაიხსტაგზე.
დარწმუნებული ვარ, რომ დიდი სამამულო ომის ქარცეცხლში ნაწრთობი რუსი და ქართველი ხალხების მეგობრობა კვლავაც განმტკიცდება კავკასიაში მშვიდობის და სტაბილურობისათვის.
გისურვებთ თქვენ, დიდი სამამულო ომის ვეტერანებს, მთელ ქართველ ხალხს ბედნიერებას, კეთილდღეობას და აყვავებას.
ვლადიმერ პუტინი
რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი.
(გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა”, 2000 წელი, 9 მაისი)
ვარდების რევოლუციის (2003) შემდეგ საქართველომ „დიდი სამამულო ომის“ შესახებ რუსული ნარატივისგან დისტანცირება დაიწყო . მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის ინიციატივით გამარჯვების დღე 8 მაისს უნდა აღნიშნულიყო, რითაც ის შესაბამისობაში მოვიდოდა ნაცისტური გერმანიის დამარცხების საერთაშორისოდ მიღებულ თარიღთან. 66-ე წლისთავი ოფიციალურად 8 მაისს აღინიშნა. თუმცა, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები და ომის ვეტერანები ამ ცვლილებას წინააღმდეგობას უწევდნენ და 9 მაისს იზეიმეს გამარჯვება. ოფიციალურად 8 მაისს და ვეტერანებისთვის უფრო მისაღებ 9 მაისს ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღის აღნიშვნას შორის შეუსაბამობა დიდხანს არ გაგრძელებულა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ 9 მაისი კვლავ ერთადერთ ოფიციალურ დღესასწაულად აღადგინა²⁵.
დასკვნა
ქართული “სიმბოლური სივრცე”²⁶ მნიშვნელოვნად არის განსაზღვრული საბჭოთა „დაუძლეველი წარსულის“ მემკვიდრეობით. დღემდე სათანადოდ არ მომხდარა საბჭოთა ეპოქის მძიმე გამოცდილების – 1921 წლის ოკუპაციის, პოლიტიკური წმენდების, ტერორისა და რეპრესიების – გააზრება, მასთან “მორიგება” ან მისი ინტეგრირება კოლექტიურ მეხსიერებასა და საჯარო დისკურსში²⁷.
არ არსებობს მკაფიო კონსენსუსი, თუ როგორ უნდა შეძლოს ქართულმა საზოგადოებამ ამ რთულ წარსულთან გამკლავება იმის ფონზე, რომ, ოფიციალურად, ქვეყნის დეკლარირებულ მიზნებად დამოუკიდებლობის დაცვა და დასავლეთთან ინტეგრაცია რჩება.
სტალინური მემკვიდრეობის კონტექსტში ქანთარიას სიმბოლური სახე ქართული ეროვნული წარმოსახვის მნიშვნელოვანი ელემენტი იყო, რომელიც სხვადასხვა პერიოდში მეტ-ნაკლები ინტენსივობით ვლინდებოდა. თანამედროვე რუსეთისთვის ქანთარიას ფიგურა საქართველოში მისი გეოპოლიტიკური ინტერესების გასატარებლად შემუშავებული პოლიტიკური ბერკეტების და “რბილი ძალის” რეპერტუარის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. მელიტონ ქანთარიას სახელი კრემლის ხელში ის სიმბოლური რესურსია, რომელიც საბჭოთა წარსულსა და, რაც მთავარია, მომავალში საერთო რუსულ-ქართული ბედისწერის მითის გასამყარებლად და გასააქტიურებლად გამოიყენება.
სქოლიო:
[1] Anne M. Platoff, ‘Of Tablecloths and Soviet Relics: A Study of the Banner of Victory (Znamia Pobedy)’, Raven: A Journal of Vexillology 20 (2013): 69.
[2] Nino Chikovani and Malkhaz Matsaberidze, ‘From Great Patriotic War to World War II: How Memory Changed in Georgia after Independence’, in War and Remembrance: World War II and the Holocaust in the Memory Politics of Post-Socialist Europe, ed. Paul Srodecki and Daria Kozlova, vol. 12 of War (Hi)Stories (Paderborn: Brill Schöningh, 2023), p. 84.
[3] Ilya Kalinin, ‘Nostalgic Modernization: The Soviet Past as ‘Historical Horizon’, Slavonica, 17, no. 2 (2011): 156–66, 157, cited in Olga Malinova, ‘Political Uses of the Great Patriotic War in Post-Soviet Russia from Yeltsin to Putin’, in War and Memory in Russia, Ukraine and Belarus, ed. Julie Fedor, Markku Kangaspuro, Jussi Lassila and Tatiana Zhurzhenko, 43–70, Palgrave Macmillan Memory Studies (Cham: Springer International Publishing, 2017), p. 44.
[4] Malinova, ‘Political Uses of the Great Patriotic War’, p. 45.
[5] Institute for Development of Freedom of Information (IDFI), ‘The Appropriation of Victory Day by the Russian Propaganda’, IDFI Blog, 8 May 2020; https://idfi.ge/en/russian_propaganda_and_immortal_regiment (accessed 16 May 2025).
[6] Hannah Arendt, Between Past and Future (New York: Penguin Books, 2006), 249; Marci Shore, ‘A Pre-History of Post-truth East and West’, Public Seminar, 1 September 2017; https://publicseminar.org/2017/09/a-pre-history-of-post-truth/ (accessed 16 May 2025).
[7] Malinova, ‘Political Uses of the Great Patriotic War’, p. 62.
[8] Abigail E. Lewis, ‘Collaboration in Focus: Photographic Evidence in the French Purge Trials, 1944–1949’, French Politics, Culture & Society, 40, no. 3 (2022): 73–98; https://doi.org/10.3167/fpcs.2022.400304 (accessed 16 May 2025).
[9] Susan Sontag, On Photography (New York: Picador, 2005), 1; pp. 53–55.
[10] Platoff, ‘Of Tablecloths and Soviet Relics’, p. 55.
[11] Jordan Bonfante, ‘Remembering a Red Flag Day’, Time, 23 May 2008; https://time.com/archive/6943450/remembering-a-red-flag-day/ (accessed 16 May 2025).
[12] Platoff, ‘Of Tablecloths and Soviet Relics’, p. 62.
[13] Platoff, ‘Of Tablecloths and Soviet Relics’, p. 64.
[14] Platoff, ‘Of Tablecloths and Soviet Relics’, p. 66.
[15] არსებობს ქანთარიას და ეგოროვის სხვა ფოტოსურათი სადაც მათ ერთად უჭირავთ წითელი დროშა. ეს ფოტო 1945 წლის მაისში გადაიღეს და საბჭოთა გაზეთებში დაიბეჭდა.
[16] Platoff, ‘Of Tablecloths and Soviet Relics’, p. 69.
[17] Chikovani and Matsaberidze, ‘From Great Patriotic War to World War II’, p. 81; IDFI, ‘The Appropriation of Victory Day.’
[18] Chikovani and Matsaberidze, ‘From Great Patriotic War to World War II’, p. 84.
[19] Claire P. Kaiser, Georgian and Soviet: Entitled Nationhood and the Specter of Stalin in the Caucasus (Ithaca, NY: Cornell University Press, 2022), pp. 7–8.
[20] Timothy K. Blauvelt and Jeremy Smith, eds, Georgia after Stalin: Nationalism and Soviet Power (London: Routledge, 2016), p. 5.
[21] Kaiser, Georgian and Soviet, p. 8.
[22] Peter Kabachnik, Ana Kirvalidze, and Alexi Gugushvili, Stalin Today: Contending with the Soviet Past in Georgia (Tbilisi: Ilia State University Press, 2016), pp. 5–8.
[23] Elene Kekelia and Oliver Reisner, ‘Golden or Pink – Stalin as an Embattled Memory Site’, Caucasus Survey, 9, no. 3 (2021), p. 255
[24] Chikovani and Matsaberidze, ‘From Great Patriotic War to World War II’, pp. 86–7.
[25] Chikovani and Matsaberidze, ‘From Great Patriotic War to World War II’, p. 90.
[26] Nora, Pierre, ‘Between Memory and History: Les Lieux de Mémoire’, Representations, 26 (Spring 1989), pp. 7–24
[27] Olick, Jeffrey K., ‘The Future of the Mnemonic Turn’, Social Research: An International Quarterly, 90, no. 4 (2023), pp. 781–807.
